საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას. დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას. დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება

ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას. მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა. დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გვარცელებულ განცხადებაში, რომლითაც უწყება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარიში შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას.

სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას.

„2026 წლის 24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშს.

აღნიშნული ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობის მიმართ.

მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, კანონიერად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული კრიტიკა და იმ პოლიტიკური ჯგუფების წახალისება, რომლებიც არჩევნების გზით მიღებული საზოგადოებრივი მანდატის უგულებელყოფას ცდილობენ. მსგავსი მიდგომა არა დემოკრატიის განმტკიცებას, არამედ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებასა და რადიკალური პროცესების წახალისებას ემსახურება.

დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება, ასევე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და კონსტიტუციური პროცედურების სრული დაცვით მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნიშნით შეფასება. შემაშფოთებელია კანონების გაუქმების მოთხოვნა სათანადო სამართლებრივი არგუმენტაციისა და ობიექტური შეფასების გარეშე, რაც სცდება ინსტიტუციური მანდატის ფარგლებს და პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს ატარებს.

საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. არც ერთი გარე პოლიტიკური ზეწოლა, დეზინფორმაციული კამპანია თუ უსამართლო შეფასება ვერ გახდება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის უგულებელყოფის საფუძველი.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს პასუხისმგებლიანი წევრი და მისი უმთავრესი ღირებულებების ერთგული დამცველი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.