პრემიერ-მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში საზღვაო განათლების გაძლიერებასა და მოდერნიზაციაში 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
"სასწავლო გარემოს თანამედროვე სტანდარტებით განახლება არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ახალგაზრდებში - იმ თაობაში, რომელმაც საქართველოს საზღვაო მომავალი უნდა შექმნას და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფლოტში კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩინოს. დღეს საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით. მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში, ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, მილიარდ ლარამდეა. ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო მეტ წინსვლას მივაღწიოთ და საქართველომ მსოფლიო საზღვაო რუკაზე ადგილი უფრო მყარად დაიმკვიდროს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გამორჩეული მეზღვაურები დააჯილდოვეს.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს