ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო, ასეც და ისეც სამარცხვინოა თქვენი თავმჯდომარე
20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. ზუსტად იმის ანალოგიური, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2023 წელს, 2024-ში ორჯერ და 2025-ში. ზუსტად იდენტური შტურმი იყო ოთხ შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში საჭირო არ გამხდარა რეზინის ტყვიების გამოყენება, თან იმ ფორმით, რომ თვალები დაეკარგათ ადამიანებს. ეს ყველაფერი არის თქვენი თავმჯდომარის სირცხვილი და მთლიანად თქვენი პარტიის სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ კითხვაზე პასუხისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პარტიის წარმომადგენლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება სხვა ადამიანმა გასცა, სამარცხვინო ლოგიკაა.
„თქვენ რომ ამტკიცებთ, რომ გახარიას მიღმა ვიღაცამ გასცა ბრძანება, ნახეთ თქვენი სამარცხვინო ლოგიკა. თქვენ ეხლა რას ამტკიცებთ, რომ იმდენად უთავმოყვარეო თავმჯდომარე გყავთ და იმდენად უთავმოყვარეოები ხართ, რომ კაცი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავზე გადაახტნენ და ისე გასცეს მის მიღმა თვალების დათხრის ბრძანება და ამის მერე ეს კაცი დარჩა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად და მერე გახდა პრემიერი? ასეთი უთავმოყვარეო თავმჯდომარე თუ გყავთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. რეალობა ის არის, რომ რა თქმა უნდა ბრძანება გაიცა ისე, როგორც გაიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, ეს ერთი. თქვენ ამტკიცებთ რას? რომ იმდენად უთავმოყვარეო თავმჯდომარე გყავთ, რომ მის მიღმა ვიღაცამ გასცა ბრძანება და ამის მიუხედავად ის დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრად. რა გამაჩერებს ერთი დღე? მე რომ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ჩემი გვერდის ავლით ვიღაცამ დათხაროს ადამიანებს თვალები, ერთი დღე რა გამაჩერებს შინაგან საქმეთა მინისტრად და მერე რა გამაჩერებს პრემიერად? აი, თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალები კი არ დათხარა, უთავმოყვარეო თავმჯდომარე გვყავსო და შეინახეთ თქვენთან ეგ უთავმოყვარეო თავმჯდომარე. ეს არის მარტივი ლოგიკა, რაც ფაქტებით დასტურდება. ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია არ არის და უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო, ასეც და ისეც სამარცხვინოა თქვენი თავმჯდომარე. ანუ ფაქტებით დაგიდასტურეთ, ფაქტებით დაგიდასტურეთ, რომ თქვენი თავმჯდომარე არის ან თვალთხარია ან უთავმოყვარეო. თქვენ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა, არის სხვა ვერსია, რომ არის თვალთხარია და დანარჩენი ხალხმა იმსჯელოს. ამ ადამიანების მზე და მთვარე ამოდის ერთ ადამიანზე, გერმანიაში სამარცხვინოდ გაქცეულ ყოფილ თანამდებობის პირზე, რომელმაც საკუთარ ცხენს გაასწრო საქართველოდან, როგორც პიპინია ერისთავი იტყოდა. ასეთი რა ვალი გაქვთ, მე ვერ გავიგე დღემდე. თქვენი საქმეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა დეპუტატ შალვა კერესელიძის კითხვას ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჩორჩანა არის ტერიტორია, სადაც საოკუპაციო ძალა საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ საზღვრის მიღმა კილომეტრებით შემოიჭრა.
„ჩორჩანა არ არის სათქვენო თემა. რაც ნაკლებად ახსენებთ, მით უკეთესი. ერთადერთი შემთხვევა, სადაც კილომეტრებით შემოიჭრა საოკუპაციო ძალა საქართველოს ტერიტორიაზე იმ ე.წ საზღვრის მიღმა - ფაქტია ეს, ფაქტია. წადით და ნახეთ, მიხვალთ თუ არა იმ ე.წ საზღვრამდე. სირცხვილია, კილომეტრებით არის შემოჭრილი საოკუპაციო ძალა საქართველოს სიღრმეში იმ ე.წ საზღვრიდან, რომელიც თავის დროზე იყო გავლებული. ამიტომ, ჩორჩანა არ არის სათქვენო თემა, ეს იყო ღალატი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა თავმჯდომარემ“, - მიმართა პრემიერმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს.