დიდ ბრიტანეთში 16-წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე აკრძალვა 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება

დიდ ბრიტანეთში 16-წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე აკრძალვა 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ 16-წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ.

სტარმერმა აღნიშნა, რომ რეგულაცია შობამდე იქნება მიღებული, აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას და, მისი აზრით, სრული აკრძალვა სწორი გადაწყვეტილებაა.

სტარმერმა აღნიშნა, რომ, როგორც ორი შვილის მამას, კარგად ესმის მშობლების შფოთვა სოციალურ მედიასთან დაკავშირებით.

„ნუთუ მართლა გვჯერა, რომ სოციალური მედია ქმნის ბედნიერ გარემოს ჩვენი ბავშვებისთვის? ნუთუ გვჯერა, რომ ეს მათთვის უსაფრთხო სივრცეა?“ – განაცხადა სტარმერმა და აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხი აშკარაა.

მისი თქმით, სოციალური მედია ბავშვებს უბედურს ხდის, ხელს უშლის სწავლაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, ძილში, რაც საბოლოოდ მათ განვითარებას აზიანებს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელს უწყობს ბულინგს და მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ აკრძალვის განხორციელება რთული იქნება როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების მხრივ. მისი თქმით, იმ პლატფორმებს, რომლებსაც ეს აკრძალვა არ ეხება, მაგალითად, თამაშების პლატფორმებს, დაევალებათ, რომ ბავშვებმა ვერ შეძლონ უცხო ადამიანებთან ჩათის ფუნქციის გამოყენება.

„ეს ჩვენს შვილებს უფრო ბედნიერს გახდის. ჩვენ მათ მეტ დროს, მეტ უსაფრთხოებას, მეტ თავისუფლებას, მეტ შესაძლებლობას მივცემთ. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის ამ მთავრობის მიზანი“, – განაცხადა სტარმერმა.