მაკა ბოჭორიშვილი: დუბროვნიკის ფორუმის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლებები, გვექნება საუბარი საქართველოს როლზე რეგიონში, დაკავშირებადობის, საერთაშორისო პარტნიორობების განვითარების კონტექსტში
დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, ევროპაში ეს არის ერთ-ერთი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან მაღალი დონის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და განიხილავენ საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა, ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად.
„წელს ამ ფორუმის განხილვის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლებები, მულტივექტორული დიპლომატია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვექნება საუბარი სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლზე რეგიონში, ფართო რეგიონში, დაკავშირებადობის კონტექსტში, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორობების და თანამშრომლობების განვითარების კონტექსტში. ასევე კარგი შესაძლებლობაა, გვქონდეს განხილვები კოლეგებთან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს. იცით, რომ საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა. ასევე ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მუშაობას სხვა წევრ სახელმწიფოებთან, აქ იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, ეს პლატფორმა, რომ გამოვიყენოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ და სასაუბროდ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან საქართველოს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.
„ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ, როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმების კუთხით, ასევე საერთაშორისო არენაზე საერთაშორისო დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ესეც კარგი შესაძლებლობა იყო, რომ გვესაუბრა მათ საქმიანობაზე საქართველოში, საქართველოს როლზე და საქართველოს საქმიანობაზე ორგანიზაციის ფარგლებში. ჩვენ დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც საჭიროებს უმაღლეს დონეზე განხილვებს. ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, გვემსჯელა სამომავლოდ, როგორ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, როგორ უნდა იყოს ორგანიზაცია აქტიური საქართველოში და რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ჩვენ ორგანიზაციის მუშაობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.