ირანის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ჩავიდა და ფაშინიანს შეხვდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი ხელმძღვანელობდა.
პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაშინიანი მიესალმა ირანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს სომხეთში, ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას და რწმენა გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას მთელ რეგიონში.
პურმოჰამადიმ ფაშინიანს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის „თბილი მოკითხვა“ გადასცა და მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ირანს რთულ პერიოდში გაუწია.
მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-ირანის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართული პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, მეორე ხიდისა და ახალი ტერმინალის მშენებლობა, საბაჟო სექტორში თანამშრომლობის შემდგომ განვითარება და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები.
ორივე მხარემ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათ ასევე განიხილეს გზების მშენებლობის ერთობლივი პროექტები, სოფლის მეურნეობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები.
მხარეებმა აზრები გაცვალეს რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვის პროცესსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ პროცესმა შეიძლება შექმნას. შეხვედრის დასასრულს კი ფაშინიანმა „თბილი მოკითხვა გადასცა“ ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს.