შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა - ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ ეს არჩევანი და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ
საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველომ 1700 წლის წინ მიღებული ცივილიზაციური არჩევანი, დღეს მომავლის მშენებლობის რესურსად აქციოს.
,,ჩვენი სურვილია, რომ ეს საიუბილეო წელი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის აღნიშვნის, არამედ ფართო ევროპული მსჯელობის შესაძლებლობაც გახდეს - მსჯელობისა იმაზე, თუ რა ადგილი აქვს ქრისტიანულ მემკვიდრეობას თანამედროვე ევროპაში; როგორ შეიძლება პარლამენტებსა და ეკლესიებს შორის დიალოგი იყოს ღია, რეგულარული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული; როგორ შეიძლება პოლიტიკამ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი; და საბოლოოდ - როგორ შეიძლება თავისუფალმა და პლურალისტურმა საზოგადოებამ შეინარჩუნოს ის ღირებულებითი საფუძველი, რომლის გარეშეც თავისუფლება ადვილად კარგავს პასუხისმგებლობას, ხოლო პოლიტიკა - ადამიანურ საზომს.
1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი. განვლილი 1700 წლის განმავლობაში ამ არჩევანის დაცვამ აურაცხელი მსხვერპლი მოითხოვა. საქართველოში ყველა თაობას უწევს იგივე არჩევანის გაკეთება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით გააგრძელოს მამა-პაპათა არჩეული გზა, თუ მთლიანად მოერგოს ცვალებად პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურას.
ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში და როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.