აღსრულების ეროვნული ბიურო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძნობს
სააღსრულებო საქმიანობის სპეციფიკას ამჯერად გორის უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციების, აღმასრულებლის უფლებამოსილებისა და იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს. ასევე, განიხილეს აღსრულების სისტემაში დანერგილი თანამედროვე მიდგომები, ციფრული სერვისები და მოქალაქეზე ორიენტირებული ინიციატივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწყების არასააღსრულებო სერვისებს.
შეხვედრას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი რევაზ მელაშვილი და სხვა წარმომადგენლები უძღვებოდნენ. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე მათ ახალგაზრდებს აუხსნეს აღსრულების მნიშვნელობა სამართლიანობის აღდგენის პროცესში და სტუდენტების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებში პროფესიული ინტერესის გაღრმავებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად.