ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი „დუბნა“ დაბომბეს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს იყო რუსეთის თანამგზავრული კავშირის განსაკუთრებული ობიექტი, რომელსაც რუსები უკრაინაში სადაზვერვო საქმიანობისა და იქ განლაგებული სამხედროების კოორდინაციისთვის იყენებდნენ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვრიდან „დუბნამდე“ 500 კილომეტრზე მეტია. მისი თქმით, ეს უკვე მეოთხე ასეთი ცენტრია, რომელიც უკრაინულმა დრონებმა რუსეთში დაბომბეს.
„ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ ჩვენს გეგმას შორი მანძილზე მოქმედ სანქციებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ვურთულებთ აგრესორ სახელმწიფოს უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობლური ოპერაციების წარმოებას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას“, - დაწერა ზელენსკიმ.