პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საწევროს გადახდა მოუწევთ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საწევროს გადახდა მოუწევთ

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც შიდა დემოკრატიის მხრივ ყველა ერთად აღებულ პარტიას ასწრებს, მაგრამ დღეს წარდგენილი კონცეფცია გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნას საერთოდ სხვა ტიპის პარტიად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით წევრს ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა შეეძლებათ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტია ორიენტირებული იყოს სწორედ იმ გამოწვევებსა და იმ მოლოდინებზე, რაც აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც ერთადერთი პარტიაა, რომელიც შიდა დემოკრატიის მხრივ ყველა ერთად აღებულ პარტიას უსწრებს, მათ შორის თავმჯდომარის არჩევნებით, მაგრამ დღეს წარდგენილი კონცეფცია უკვე გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნას საერთოდ სხვა ტიპის პარტიად. სიახლე არის, რომ პარტიის წევრები შემოვიდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საუბარი არ არის პარტიის წევრების რაღაც კონკრეტულ წრეზე, საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით წევრზე, რომლებიც სპეციალური ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით შემოვლენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის რეალურად ჰორიზონტალური მართვა და ეს არის დეცენტრალიზაცია, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების მონაწილეობას, მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც პარტიას აქვს გადასაწყვეტი – იყოს თუ არ იყოს ალიანსში, პირობითად, შევიდეთ თუ არა პარლამენტში, დაუჭიროს თუ არა მხარი კონკრეტულ ინიციატივას. ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარტიის წევრებმა. ეს ასევე გულისხმობს მოქალაქეთა ასამბლეების, რეგიონული ჰაბების შექმნას მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, რომელიც უკვე, პარტიის წევრების გარდა, პარტიის მხარდამჭერებს აძლევს შესაძლებლობას, ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ პარტიის სხვადასხვა აქტივობაში. არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღონ, არამედ თვითონ იყვნენ ინიციატორები. ამ რეფორმის მიზანიც ეს არის – პარტიის წევრები, როგორც ბრძანების შემსრულებლები კი არა, როგორც ინიციატორები და ლიდერები ადგილზე. სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემების გამო, მათ შორის ფინანსური, არ გვქონდა შესაძლებლობა, პრეზენტაცია უფრო დიდ დარბაზში ჩაგვეტარებინა. იგეგმება, რომ კონცეფცია გავაცნოთ პარტიის წევრებს მუნიციპალიტეტებში, სოფლებსა და ქალაქებში. ამიტომ, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი აღელვებს, ვფიქრობ, ეს კონცეფცია უნდა იყოს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

კითხვაზე, – „როდიდან დაიწყება დანერგვა ამ რეფორმის, პარტიის ყრილობამდე თუ ყრილობის შემდეგ?“ – წითლიძემ უპასუხა:

„ამასთან დაკავშირებით პარტიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, პოლიტიკურ საბჭოს აქვს დამტკიცებული. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს აქვს მხარდაჭერილი წერილობითაც და თავისი ფეისბუქპოსტებითაც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საკითხზე მუშაობდა პოლიტიკური საბჭო. ტექნიკური საკითხია. შემოდის უსაფრთხოების ნაწილი, ასევე, როგორ უნდა იყოს უსაფრთხო და როგორ იმუშაოს აპლიკაციამ გამართულად. ამიტომაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის, ვინც ამ აპლიკაციაზე მუშაობს. დიდი ალბათობით, ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ვეცდებით, ყრილობამდე მოესწროს, მაგრამ მთლიანად დამოკიდებულია ტექნიკურ მხარეზე, მათ შორის, ფინანსურ შესაძლებლობებზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

მისივე თქმით, ამ კონცეფციის მიხედვით განისაზღვრება პარტიის დაფინანსების რამდენიმე მოდელი, მათ შორის, საწევროების სისტემა.

„ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურ მოდელზე გადასვლა გულისხმობს, რომ, ერთი, პარტიის წევრების შემოსვლა როგორც ლიდერებად, ანუ არა როგორც ბრძანებების შემსრულებლებად, რაც არის რეალურად დეცენტრალიზაცია, უნდა შეეხოს, მათ შორის, პარტიის ფინანსებს. როგორი კეთილსინდისიერიც არ უნდა იყოს ადამიანი, არ შეიძლება, პარტიის ფინანსები დამოკიდებული იყოს ერთ კონკრეტულ შემომწირველზე, რადგან ეს მაინც აჩენს დამატებით ვალდებულებას. შესაბამისად, პარტიის მთავარი მიზანია, ეს ნაწილი გახადოს გამჭვირვალე. შემოდის საწევროების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ არის, პარტიასთან თავიანთ პარტიულ ბმას, მათ შორის, ამოწმებს საწევროების შემოტანით. 2023 წლის აღრიცხვით, 50 000 რეგისტრირებული წევრი გვყავდა. 50 000 წევრი არის ვერიფიცირებული, რომელსაც აქვს პარტიის მანდატი და შესაძლებლობა, ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. ეს ადამიანები პარტიასთან თავიანთ პარტიულ ბმას, მათ შორის, ამოწმებენ ამ საწევროების შემოტანით. საწევროების თანხა განსაზღვრული არ არის, ესეც უნდა დაამტკიცოსპოლიტსაბჭომ. ამასთან დაკავშირებითაც არის სხვადასხვა მოსაზრება. სამწუხაროდ, აქამდე ეს საკითხი ვერასდროს დადგა დღის წესრიგში. ადამიანებს, რომლებიც საწევროებს გადაიხდიან, რეგულარული შემომწირველები ვინც იქნებიან ექვსი ან 12 თვის განმავლობაში, მათ პარტია ანიჭებს რეგულარული შემომწირველის სტატუსს. არ აქვს მნიშვნელობა, ხუთი ლარი იქნება თუ ათი. ერთი წლის განმავლობაში საწევროს თუ იხდის, პარტია ანიჭებს რეგულარული სპონსორის სტატუსს. ეს არის დამატებითი ბერკეტი ამ პარტიის წევრებისთვის, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში მიიღონ მონაწილეობა, ჰქონდეთ მეტი მოტივაცია, რომ ამ გადაწყვეტილებებში მიიღონ მონაწილეობა. ასევე სპონსორის საკითხი დიფერენცირებულია. შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, მაგრამ არიან მხარდამჭერები და შემოწირვა სურთ პარტიისთვის“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა ანი წითლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, წითლიძემ განაცხადა, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა პარტიის თავმჯდომარეობა.

„ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა, რადგან ამ პარტიას ჰყავს ერთი თავმჯდომარე. ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო ამის შესაძლებლობა არ აქვს. ჩემთვის ასეა, ერთი თავმჯდომარე ჰყავს, მიხეილ სააკაშვილი. ამ მოცემულობით ჩემთვის არასდროს ყოფილა მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა. ჩემი მთავარი მიზანია, პარტიაში განხორციელდეს რეფორმა, რასაც, წლებია, პარტიის წევრები ვითხოვთ. ეს, შეიძლება, თქვენთვის გახდა ახალი და საჯარო, თორემ წლებია, პარტიის წევრები ვითხოვთ მმართველობის ისეთი მოდელის დაფუძნებას, რომელიც სწორედ ჰორიზონტალურ მმართველობაზე იქნებოდა. გადაწყვეტილებები არა რაღაც კონკრეტულ ჯგუფებში, არამედ ფართო წევრების ჩართულობით უნდა მიიღებოდეს. ამიტომ, თუ ვნახავ, რომ რომელიმე კანდიდატს შეუძლია, ეს რეფორმა განახორციელოს, ამაში თუ დავრწმუნდები, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩემი მხარდაჭერა და მივიღებ თუ არა მონაწილეობას. ნებისმიერ კანდიდატს დავუჭერ მხარს, მაგრამ თუ ვნახავ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას ოდნავი რაღაც მაინც აკლდება, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ, მათ შორის, მე ვიყარო კენჭი და ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი. ამაზე ახლა არაფერს ვიტყვი. ჯერ უნდა ვნახოთ, ვინ იქნებიან კანდიდატები. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იქნება კანდიდატი. ძალიან ნორმალური და კარგია, რომ მონაწილეობას მიიღებს თინაც, ნანუკაც. მე ვიქნები თუ სხვა, მონაწილეობას მივიღებთ და ეს აჩვენებს რეალურად შიდა დემოკრატიას, და ამომრჩეველი გადაწყვეტს. ჯერ ეს პროცესები დაწყებული არ არის. პროცესები არ დაიწყება რვა ივლისამდე, ვიდრე უფლებამოსილება ჯერ კიდევ აქვს თავმჯდომარეს. რვა ივლისის შემდეგ უკვე პოლიტსაბჭომ უნდა დაიწყოს მუშაობა. პოლიტსაბჭო დეტალებს როცა განსაზღვრავს, შემდეგ იწყება კანდიდატების რეგისტრაცია და არჩევნების პროცესი. ამიტომ იქამდე ჯერ შორია“, – განაცხადა ანი წითლიძემ.