ეკონომიკური ურთერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა - ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა
სტრატეგიული პარტნიორობა, ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის ორდენი ირაკლი კობახიძეს პერსონალურად პრეზიდენტ ტოკაევისგან და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივა ყველა სფეროში, ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ასტანადან კონკრეტული შედეგებით ბრუნდება. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უმაღლეს ეტაპზე გადასვლა ისედაც მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ დინამიკას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. გარდა ამისა, საქართველოსთვის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო კვანძისთვის, ყაზახეთის როლი ცენტრალურ აზიაში, პარტნიორობის კუთხით, უმნიშვნელოვანესია.
უმაღლესი რანგის ვიზიტის ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრეს დელეგაციაში მყოფმა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შუა დერეფნის ფუნქცია საქართველოს, ეკონომიკური კავშირების კუთხით, ორი კონტინენტის ქვეყნებისთვის მიმზიდველს ხდის. ყაზახეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა კი ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მიმართულებით ახალ პერსპექტივებს გააჩენს.
გაზრდილ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებთან ერთად, ყაზახური ინვესტიციების სიმრავლეზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახური ბიზნესი ქართული ბაზრით ყოველწლიურად უფრო ინტერესდება. საერთაშორისო ინვესტიციების მატება კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტია.
ასტანაში ვიზიტი პრემიერმა და მმართველი გუნდის წევრებმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბექტენოვთან შეხვედრით დაასრულეს. ორმხრივი დიალოგის დროს ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ მრავალწლიან თანამშრომლობას, რომლის ახალ საფეხურზე გადასვლასაც, გუშინ, პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევისა და პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით ჩაეყარა საფუძველი.
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის უმაღლესი რანგის ვიზიტი დღეს ოფიციალურად დასრულდა. 2026 წლის 29 ივნისიდან თბილისისა და ასტანას თანამშრომლობაში სრულიად ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი დაიწყო.