პოლონური მედია: კაროლ ნავროცკიმ შესაძლოა შეზღუდოს კონტაქტები ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ შესაძლოა შეზღუდოს კონტაქტები უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა Dziennik Gazeta Prawna პოლონეთის პრეზიდენტის გარემოცვის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყარო ამტკიცებს, რომ ნავროცკიმ შესაძლოა თავისი პოზიცია 11 ივლისს გაასაჯაროოს - უკრაინის ამბოხებულთა არმიის (უპა) მიერ ჩადენილი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ დღეს.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზელენსკის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ განცხადებას უკრაინის მხრიდან შეგნებულ პროვოკაციად მიიჩნევს. კაროლ ნავროცკის გარემოცვაში სულ უფრო მეტად მყარდება რწმენა, რომ უკრაინის ხელისუფლების ბოლო ქმედებები შემთხვევითი არ არის და ჯდება იმ გრძელვადიან ისტორიულ პოლიტიკაში, რომელსაც კიევი ატარებს.
„ჩვენ ამ განცხადებას თავშეკავებით ვუყურებთ, რადგან ზელენსკისა და მისი გარემოცვის ქმედებები პროვოკაციული ხასიათისაა, ჩვენ კი არ ვიქნებით კიევის მიერ დაწერილი სცენარის ნაწილი, რომელიც, სხვათა შორის, რუსულ პროპაგანდას აძლიერებს“, - განაცხადა პრეზიდენტის კანცელარიის წარმომადგენელმა.
მისი აზრით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები „უპირველეს ყოვლისა გათვლილია შიდა აუდიტორიაზე, რათა გაამყაროს მისი შესუსტებული პოზიციები“, ასევე მიზნად ისახავს „კორუფციული სკანდალების დაფარვას, რომლებშიც გარეულნი არიან უკრაინის წამყვანი პოლიტიკოსები“.
კაროლ ნავროცკის გარემოცვა განიხილავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონტაქტების შეზღუდვის შესაძლებლობას. ამასთანავე, უკრაინისთვის დახმარების გაწევა გაგრძელდება.