ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: 2003 წელსაც არჩევნების გარეშე მოვიდა ეს სამარცხვინო დაჯგუფება, 9 წლის განმავლობაში არჩევნების გარეშე მართავდნენ ქვეყანას

ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: 2003 წელსაც არჩევნების გარეშე მოვიდა ეს სამარცხვინო დაჯგუფება, 9 წლის განმავლობაში არჩევნების გარეშე მართავდნენ ქვეყანას

ნინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე დაბრუნების სურვილი გააჟღერა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „დღის ქრონიკაში“ თქვა, ამ განცხადებაში ახალი არაფერია.

„2003 წელსაც არჩევნების გარეშე მოვიდა ეს სამარცხვინო დაჯგუფება, 9 წლის განმავლობაში არჩევნების გარეშე მართავდნენ ქვეყანას. ყველა არჩევნები იყო მოპარული, ყველა არჩევნები იყო ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებული, ამიტომ ის, რაზეც ის ახლა საუბრობს, არის მათი ხელწერა და რევოლუციის ყველა შემდგომი მცდელობა, თუნდაც 4 ოქტომბრის მცდელობა, არის არჩევნების გარეშე ხალხზე გაბატონების მცდელობა. ეს არის მიშა სააკაშვილი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც რეალურად იმ რადიკალების ქოლგის ქვეშ ერთიანდება. ისინი მხოლოდ ამ მიზანს ატარებენ. ამიტომ, ახალი არაფერი უთქვამს. სწორედ ამიტომ ისჯებიან ისინი ყოველ არჩევნებზე ქართველი ხალხის მხრიდან და ეს მესიჯი იყო რადიკალების ვიწრო წრის გამხნევება - არ დაელოდოთ არჩევნებს, ჩვენ მუდმივად გვექნება მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში გადატრიალება მოვახდინოთ. და გარკვეულწილად ეს იყო მესიჯი საკუთარი პატრონებისთვის, რომ ახალ დაფინანსებას ითხოვენ, იმისთვის რომ აქ არეულობა და გადატრიალების სცენარები ახორციელონ. მიშა სააკაშვილის თითოეული განცხადება არის სიმპტომური, ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ ეს არის დიაგნოზი, რაც ამ ე.წ. პარტიას, რეალურად კი სექტასა და ბოროტმოქმედ დაჯგუფებას ახასიათებს“, - მიიჩნევს წილოსანი.