თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის, რადგან რეჟიმის სისტემამ მათ დაუსჯელობის გარანტიები მისცა
ძალადობით დანაშაულს აქვს 30-წლიანი ხანგრძლივობის ვადა, ამიტომ დღეს იქნება თუ ხვალ, როდესაც რეჟიმი შეიცვლება და გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, თითოეულ მათგანს მოუწევს აგოს პასუხი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა თამარ კეკენაძემ განაცხადა.
როგორც კეკენაძემ აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში მომხდარში ჩართული დეპუტატები დაისჯებიან.
„არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თვითონ „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის, რადგან რეჟიმის ამ მოძალადე სისტემამ მისცა მათ დაუსჯელობის გარანტიები. თუმცა ამ მოძალადე ადამიანებს, ორგანიზატორებს და ზოგადად მათ მფარველებს შევახსენებ, რომ ამ ძალადობით დანაშაულს აქვს 30-წლიანი ხანგრძლივობის ვადა, ამიტომ დღეს იქნება თუ ხვალ, როდესაც რეჟიმი შეიცვლება და გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, თითოეულ მათგანს მოუწევს ამ დანაშაულზე აგოს პასუხი. ყველა ის ადამიანი, ვინც ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, იქნება ეს პარლამენტში, ქუჩაში თუ კამერებს მიღმა, აგებს პასუხს“, – აღნიშნა კეკენაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენებისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა.
შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.
შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.