ანა წითლიძე: რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ესე? იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება.
ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და მისივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
სააკაშვილის გადაწყვეტილებების ნაწილს არ იზიარებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ანი წითლიძე ღიად ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეების ხშირი ცვლა გამჭვირვალე თამაშის წესების არ არსებობის ბრალია.
„რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ესე? იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები. როდესაც გამჭვირვალე თამაშის წესები იქნება პარტიაში, როდესაც ყველას ეცოდინება, რომ გადაწყვეტილებებს კი არ იღებენ ჩაკეტილ წრეში, პარტიის წევრები იღებენ, მერე ბევრად უფრო ნაკლები იქნება რისკი მსგავსი სკანდალების.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის გზას მე ვუყურებ არა სახელი და გვარის ცვლილებაში, არამედ თამაშის წესების ცვლილებაში. გადაწყვეტილება მიშასთან შეთანხმების გარეშეც არ ხდება პარტიაში. საერთოდ რა ალიანსი - ასე ვუყურებ მე მაგას. ყველაზე უმნიშვნელო საკითხი არის დღეს ალიანსში იქნება თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს უნდა ჰქონდეს თავისი გზა“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე.