ეკონომიკის სამინისტრო: 2025-2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ, 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 58%-ით აღემატება

ეკონომიკის სამინისტრო: 2025-2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ, 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 58%-ით აღემატება

სახელმწიფო მეთხილე ფერმერების მხარდაჭერას წლების განმავლობაში ახორციელებს. 2022-2025 წლებში, თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, ათიათასობით ფერმერმა თხილის ბაღების მოვლა-მოყვანისთვის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლიდან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერა სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება. პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ მეურნეობები და გაზარდონ წარმოების შესაძლებლობები.

თხილის საბაზრო ფასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, კლიმატური პირობები, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება. შესაბამისად, სექტორის მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე წლის ფასის მაჩვენებელი, არამედ დარგის გრძელვადიანი დინამიკა და ექსპორტის მონაცემები.

2025-2026 წლის მარკეტინგულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 18.5 ათასი ტონა თხილი, რომლის ღირებულებამ 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა მარკეტინგული წლის მონაცემებს 58%-ით აღემატება. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, სადაც 12 ათას ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული, საერთო ღირებულებით 131 მლნ აშშ დოლარი.

სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები აგრძელებენ თხილის სექტორში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. ამასთან, გაგრძელდება ისეთი მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს თხილის ხარისხის გაუმჯობესებას, ფერმერების ცოდნის ამაღლებას და ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას საერთაშორისო ბაზრებზე.