"2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 44 აუდიტი ჩაატარა, მათ შორის: 5 - ფინანსური, 26 - შესაბამისობის, 3 - უწყებათაშორისი შესაბამისობის და 10 ეფექტიანობის აუდიტი" - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ
საქართველოს გენერალური აუდიტორის 2025 წლის ანგარიში პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გაბიტაშვილს პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ, მანამდე ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარსდგა.
აქცენტი გაკეთდა უწყების საქმიანობაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა უწყებაში ჩატარებულ 40-ზე მეტ აუდიტზე, გამოწვევებსა და აღმოჩენილ პრობლემებზე. დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა, დარბაზში კითხვები დასვან.
"2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 44 აუდიტი ჩაატარა, მათ შორის: 5 - ფინანსური, 26 - შესაბამისობის, 3 - უწყებათაშორისი შესაბამისობის და 10 ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დავფარეთ 28.5 მლრდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია.
2025 წელს 36.5 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა.
სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო შეწყდა 9.2 მლნ ლარი ღირებულების ტენდერი, შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური გამოყენება. პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში, 4 დაერთო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალებით, თანხობრივ გამოხატულებაში 89 მლნ ლარს შეადგენს," - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა.