მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლების - „კავკასიის არწივი 2026“ დასრულების ცერემონიალი გაიმართა.
სწავლებაში მონაწილეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ბრიგადის
გენერალმა ოღუზჰან შიმშექმა, აზერბაიჯანის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა აზერ ქასიმოვმა და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიმართეს და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს. შემაჯამებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამი ქვეყნის ერთობლივი პრაქტიკული სწავლებები ბოლნისში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის საპარაშუტე მომზადების სკოლასა და მუხროვანში მიმდინარეობდა, სადაც პირობით ობიექტზე კომბინირებული რეიდები განხორციელდა, საცეცხლე მხარდაჭერით მოიერიშე ჯგუფებმა განახორციელეს შენობის წმენდა, საინჟინრო აფეთქება და მოწინააღმდეგის განეიტრალება.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. შემდეგ წელს სწავლებას აზერბაიჯანი უმასპინძლებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.