სპორტის მინისტრი 2026 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უელსისა და საქართველოს მატჩს დაესწრო
2026 წლის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩში უელსის ნაკრებს ავჭალის სტადიონზე დაუპირისპირდნენ; შეხვედრა უელსის ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 25:24 დასრულდა. მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.
მატჩს ასევე ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი დოლაბერიძე და ლევან მგალობლიშვილი.
20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს, თამაშები კი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეაბილიტაცია ჩაატარა თბილისის ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისის „აიას“ კომპლექსში შემავალ სამი სტადიონზე. ხუთივე მოედანი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარით. ავჭალასა და ქუთაისში განახლებულია ტრიბუნები და დამხმარე ინფრასტრუქტურა, „აიას“ კომპლექსში დამონტაჟებულია თანამედროვე ტექნოლოგიის განათების სისტემა.
საქართველო „მსოფლიო რაგბის" ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის „მსოფლიო რაგბისგან" საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.