სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ გაიმართა

სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ აღინიშნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2026“, ძველმა გერმანულმა უბანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნო კუთხეები, ატრაქციონები. ასევე, გაიმართა ქუჩის კარნავალი ანიმაციური გმირების მონაწილეობით.

ბოლნისქალაქობაზე სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ტრადიციულად, დღის ბოლოს დაიწურა ყურძენი. გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

სახალხო დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი სვანიძემ და ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მიულოცეს.

სახალხო დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა" და Reggaeon.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ზაბახიძე, ვალენტინა ნავერიანი, თურალ ვალიევი და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.