საკრებულოში ღონისძიება სახელწოდებით „ერთი ქუჩის ისტორია“ გაიმართა
თბილისის საკრებულოში ღონისძიება სახელწოდებით „ერთი ქუჩის ისტორია“ გაიმართა, რომელიც საბურთალო 1-ის მაჟორიტარი წევრის, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ბექა მიქაუტაძის და სერგო ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან მშვილდაძის, მიერ იყო ორგანიზებული.
საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა და სერგო ზაქარიაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს შრომისა და ენთუზიაზმისთვის მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მათ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა მომავალშიც აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ „ერთი ქუჩის ისტორია“ ჩვენი დედაქალაქის კიდევ ბევრი ქუჩის მცხოვრებს გაუჩენს სურვილს, საკუთარი ქუჩის და უბნის ისტორია შექმნას.
„დღეს ერთი ქუჩის ისტორიაზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთი ქუჩის ისტორია არ არის. ეს არის ადამიანების ისტორია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათი ქუჩა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ იქნებოდა - რომ მასზე ზრუნვა, მისი გალამაზება და ერთმანეთის გვერდით დგომა თითოეული მათგანის საქმე იყო.
ზაქარიაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებთა მაგალითი სწორედ ამას გვაჩვენებს - 2016 წლიდან მათ საკუთარი ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს: გაამწვანეს ქუჩები, მოაწესრიგეს გარემო, შექმნეს უფრო ლამაზი და მყუდრო სივრცეები. ჩემთვის ამ ისტორიის მთავარი მიღწევა ის ადამიანური ურთიერთობებია, რომლებიც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა - მეზობლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და საერთო საქმისთვის გაერთიანება”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დედაქალაქის საკრებულოში გამართული ღონისძიება საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის, ერთობისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის წარმოჩენას და დედაქალაქის ერთი, ამ შემთხვევაში სერგო ზაქარიაძის ქუჩის, მაგალითზე იმ ადამიანების ისტორიის გაცნობას მიეძღვნა, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევით გარემო უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და მყუდრო გახადეს.
საბურთალოს რაიონში არსებული სერგო ზაქარიაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებმა 2016 წლიდან საკუთარი ინიციატივით ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს. მოსახლეობის ძალისხმევითა და მუნიციპალიტეტის დახმარებით უბანში მოიხსნა უსახური შემოღობვები, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო განათება, მოიხატა კედლები, დამონტაჟდა სკამები და განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2019 და 2020 წლებში ზაქარიაძის ქუჩამ „ყველაზე სუფთა და ლამაზი ქუჩის“ სტატუსი მოიპოვა.
როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქუჩა მხოლოდ მისამართი არ არის - თითოეული მათგანის განსაკუთრებულ იერსახეს ისტორია, მოგონებები და ის ადამიანები განაპირობებენ, რომელთა შექმნილი გარემო ამ ქუჩებს წლების განმავლობაში ქალაქის ყოველდღიურობისა და ისტორიის ნაწილად აქცევს.
„დღევანდელ ღონისძიებას ძალიან საინტერესო სახელწოდება აქვს - „ერთი ქუჩის ისტორია“. როგორც მოგეხსენებათ, საბურთალო თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული რაიონია, მის განვითარებაში არაერთი თაობის ადამიანმა შეიტანა თავისი წვლილი. ჩვენი ქუჩების განსაკუთრებულობას, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანები ქმნიან.
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი ინიციატივით და შრომით თავისი უბნის გალამაზებაში მონაწილეობს. ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვეცდებით, მხარი დავუჭიროთ ამ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ინიციატივას“, - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბექა მიქაუტაძემ.
დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე სერგო ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან მშვილდაძემ პროექტის მონაწილეები დააჯილდოვა, კერძოდ, უბანზე განსაკუთრებული ზრუნვისა და სიყვარულისთვის მადლობის სიგელები სკოლის მოსწავლეებს, „თბილსერვისის“ თანამშრომლებს და მცხოვრებლებს გადაეცათ.
ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან არსებულმა ანსამბლმა „მარულამ“ მიიღო, ზაქარიაძის, გაზაფხულის და ოთარ რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლები ესწრებოდნენ.