ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კულტურული პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კულტურული პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ზურაბ მჭედლიშვილი, ანსამბლ „რუსთავის“დირექტორი, ია მაქაცარია და სამხატვრო ხელმძღვანელი, მიხეილ ჯავახიშვილი მონაწილეობდნენ.

პრესკონფერენციაზე გიორგი მირცხულავამ საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა, რომელსაც ორი ქვეყნის კულტურის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

აღინიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და საელჩოს ჩართულობით ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეწყობა ხელი.

ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელებმა ადგილობრივ მედიას საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში, ბრაზილიაში დაგეგმილი საკონცერტო ტურნეს დეტალები გააცნეს.

ორგანიზატორებმა ბრაზილიაში, კლაუდიო სანტოროს სახელობის ეროვნულ თეატრსა და რიო-დე-ჟანეიროში, კლარო მაიზის თეატრში დაგეგმილი კონცერტების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კონცერტები ბრაზილიელ მაყურებელს ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ეროვნული ქორეოგრაფიის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიებები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით იმართება. ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული.

პრესკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბრაზილიის კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე პერსპექტივაზე, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება.