,,ახალციხელობა 2026“

,,ახალციხელობა 2026“

მასშტაბურად და განსხვავებულად აღინიშნა წელს ,,ახალციხელობა 2026“. ,,ახალციხის ციხეზე“ წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი სანახაობრივი ღონისძიებები.- ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

ღონისძიების სტუმრებმა XII საუკუნეში იმოგზაურეს, გაიმართა ხრიდოლის მეომრების წარმოდგენა, ძველი ქალაქის ბაზარი, ქართული ასპარეზობები და რაინდთა ორთაბრძოლები, ძველი ავთენტური ქორეოგრაფია. წარმოდგენილი იყო ქართული გალობის კუთხე, ციხის მთავარ მოედანზე კი გრანდიოზული წარმოდგენა მოეწყო.

ახალციხელებს და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ ახალციხის საპატიო მოქალაქეები:

დალი ქოზაშვილი - ექიმი რადიოლოგი, სამ ათეულ წელზე მეტია ახალციხისა და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას;

ბესიკ ამირანაშვილი - ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი ახალციხის მუნიციპალიტეტში;

კახა კახაძე - სპორტსმენი, მეწარმე, სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივების მხარდამჭერი;

ანაიტ ლოკიანი - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი ინფექციონისტი.

ზაქარია დიდიმამიშვილი - ახალციხის სპორტული გაერთიანების ჭადრაკის მწვრთნელი, სამცხე-ჯავახეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, არაერთი თაობის აღმზრდელი პედაგოგი;

,ახალციხელობა“ განსაკუთრებულად გაალამაზეს წამყვანებმა - გიორგი კალანდიამ, ნანა შონიამ და კახა მიქიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაწესდა ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ტრადიციად იქცევა და მომავალი წლიდან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

ქალაქის დღესასწაულს მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.