რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო და ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შედეგებზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, ბიუჯეტის დეფიციტსა და საგარეო ვალდებულებების შესრულების შესახებ ილაპარაკა. მანვე კომიტეტს ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯვით ნაწილზე ინფორმაცია გააცნო.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ავტონომიური და თვითმმართველი ერთეულებისთვის გამოყოფილ თანხებზე და რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 755 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 600 მლნ ლარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის - 24 მლნ ლარი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერებისთვის - 131 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების ჯამური შემოსავლები 7 484 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები ჯამში 4 270 მლნ ლარს, ქონების გადასახადის პროგნოზი კი 840 მლნ ლარს შეადგენს. გრანტების სახით ადგილობრივი ბიუჯეტები მომავალ წელს 1 810 მლნ. ლარს, ხოლო კაპიტალური გრანტების სახით ჯამში 1 526 მლნ ლარს მიიღებენ.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზეც ილაპარაკა და ის პროგრამები და მიზნობრივი საკითხები გამოყო, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს იგეგმება.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. კომიტეტმა ფინანსური დოკუმენტის პროექტს მხარი დაუჭირა.