ირაკლი კობახიძე: ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას
ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, გეგმები ძალიან ამბიციურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
„ასევე ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რასაც ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი სამ ძირითად აეროპორტზე, საერთაშორისო აეროპორტზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი მგზავრით იგეგმება ნაკადის გაზრდა.
ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას და ეს ყველაფერი ასევე ხელს უწყობს, ბუნებრივია, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები და ამასთან ერთად პრინციპულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კავშირების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი, მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გასული თვეების განმავლობაში, მათ შორის ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ახლა გვაქვს დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გავაფორმებთ. საქართველოს ეწვევიან ასევე უზბეკეთის და თურქმენეთის ლიდერები. ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გვაქვს უმაღლეს დონეზე ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და ეს არის ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული და რა თქმა უნდა, ბოლომდე გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.