მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას

რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორში - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. მოხარულები ვართ, რომ გატარებულმა რეფორმებმა, მოდერნიზაციამ, ისევე როგორც დიგიტალიზაციამ ამ სექტორში უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი და ჩვენ უკვე გვაქვს რეკორდული შედეგები უშუალოდ თითოეულ ნავსადგურში და ტერმინალში გადამუშავებული ტვირთნაკადის თვალსაზრისით, რამაც მიმდინარე წელს უკვე 24%-ით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა ასევე თვალსაჩინოა საქართველოს რკინიგზაში - უკვე 12%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთების მოცულობა, რაც 12 წლის ისტორიული მაქსიმუმია.

„საქართველოს ტრანსპორტის სექტორში სახელმწიფომ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მოახდინოს საკმაოდ დიდი მოცულობის თანხების ინვესტიციების განხორციელება. 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული სატრანსპორტო სექტორის განვითარებაში, თუმცა, ამ ეტაპისთვის მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო საქართველოს რკინიგზის შემდგომ და მიმდინარე მოდერნიზაციაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფო მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა სრულად განახლდეს და გაფართოვდეს საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა.

„რას ემსახურება 2 მილიარდი ლარი - გარდა იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივობისა თუ პროექტებისა, რაც განხორციელდება, მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს რკინიგზამ დამატებით შეიძინოს 50 ახალი ლოკომოტივი, 10 სამგზავრო მატარებელი და 2000-მდე სატვირთო ვაგონი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია - 400-ზე მეტი ვაგონი უკვე შევიძინეთ საქართველოს რკინიგზაში და გვაქვს მიმდინარე აქტიური ტენდერი 10 სამგზავრო მატარებლის და 50 ლოკომოტივის შეძენისთვის.

ეს, რა თქმა უნდა, თვისობრივად გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს რკინიგზას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.