SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტის სიჩქარის შეზღუდვა „ტექნიკური პრობლემით“ ახსნა

SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტის სიჩქარის შეზღუდვა „ტექნიკური პრობლემით“ ახსნა

კომპანია SpaceX-მა​ Starlink-ის სამხედრო ვერსიის Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვა „ტექნიკური პრობლემებით“ ახსნა. ამის შესახებ PBS-ის კორესპონდენტ ნიკ შიფრინს აშშ-ში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა დენის სენიკმა განუცხადა.

SpaceX-ს სხვა განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ იზღუდება Starshield-ის სიჩქარე უკრაინაში უკვე ხუთი დღეა, არ გაუკეთებია.

უკრაინელი სამხედროები Starlink-ის მუშაობის სიჩქარის შეზღუდვას ჯერ კიდევ ოქტომბერში შეეჯახნენ. საათში 160 კილომეტრზე მეტი სიჩქარისას დრონებს კავშირი წყდებოდა. უკრაინელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ ეს მნიშვნელოვნად ართულებდა ოპერაციების ჩატარებას და დრონების დაკარგვას იწვევდა. ოქტომბრის ბოლოსთვის უკრაინაში Starlink-ის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა.

დასავლური მედია იტყობინებოდა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის კავშირი SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის ინიციატივით შეიზღუდა. თავად მასკმა უკრაინელი სამხედროები Starlink-ის გამოყენების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან, მისი თქმით, ისინი მას ადამიანების მკვლელობის მიზნით, დრონებით შემტევი დარტყმებისთვის იყენებდნენ. უკრაინაში უპასუხეს, რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან Starlink-ი რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს.

12 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები კვლავ „აფიქსირებენ მნიშვნელოვან შეფერხებებს Starshield-ის მუშაობაში“, რამდენიმე დღის შემდეგ კი აშშ-სა და მასკს Starlink-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და „ისტორიის სწორ მხარეს“ დადგომისკენ მოუწოდა.