ნინო ვარდოსანიძემ ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო
30 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გოგი ფუტკარაძემ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ხაჩიძემ.
სხდომის ფარგლებში კომიტეტმა სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს მიერ ქარტიის შესრულების თაობაზე მომზადებული ოფიციალური დოკუმენტები და ანგარიშები განიხილა. დელეგატებმა იმსჯელეს ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი დემოკრატიის მონიტორინგის შედეგებზე, მიმდინარე პოსტ-მონიტორინგის პროცესებსა და კონკრეტულ სახელმწიფოებში თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის რისკების შეფასების პანელის" შესახებ და მიღებულ იქნა „ოსლოს დეკლარაცია", რომელიც ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერების პრინციპებს ეფუძნება.
კომიტეტმა აგრეთვე მოისმინა ინფორმაცია უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული მდგომარეობის, თურქეთში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
სხდომის დასასრულს დელეგატებმა კომიტეტის 2026-2027 წლების სამუშაო გეგმა განიხილეს და მთავარ პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.