საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში 21 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი ხორციელდება
საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში 21 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი ხორციელდება.
ბანაკი უკრაინიდან ჩამოსულ შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილებს, ომის შედეგად დაობლებულ ბავშვებს და მათ თანმხლებ პირებს მასპინძლობს.
ბანაკის მონაწილე უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან ერთად შეხვდა.
მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ სადილზე უმასპინძლა.
პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან.
უკრაინელი მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში.
4-15 ივლისს ბანაკი მეორე ნაკადს – ქალაქ სუმიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა.