მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა

მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა

ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.

საფრანგეთი და იტალია ეწინააღმდეგებიან რუსეთის მხარეს მებრძოლი პირებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას. წყაროების ცნობით, ორივე ქვეყანა შეშფოთებულია საკონსულოებზე დამატებითი ტვირთის გამო, რადგან სწორედ მათთან შედის რუსეთის მოქალაქეებისგან ვიზებზე განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ყოფილ სამხედროებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება, რადგან ეს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და დაუშვებელია ამ ადამიანების ევროპაში შეშვება.

სანქციების პაკეტთან დაკავშირებით სხვა წევრ ქვეყნებსაც გააჩნიათ განსხვავებული პოზიციები. კერძოდ, ბულგარეთი ეწინააღმდეგება პატრიარქ კირილესთვის სანქციების დაწესებას, გერმანია და პორტუგალია არ უჭერენ მხარს რუსული თევზის იმპორტის აკრძალვას, ხოლო საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა წინააღმდეგნი არიან რუსული ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების.

ამასთან, მნიშვნელოვანი კამათი მიმდინარეობს საზღვაო გზით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტთან დაკავშირებით. თუ ოთხშაბათამდე შეთანხმება ვერ მიიღწევა, ლიმიტი ავტომატურად გაიზრდება 44-დან 58 დოლარამდე ბარელზე, რამაც შესაძლოა კრემლის შემოსავლები ნავთობის ექსპორტიდან მნიშვნელოვნად გაზარდოს.

სანქციების პაკეტის შეთანხმების მორიგი მცდელობა ოთხშაბათს განხორციელდება.