მეცნიერებმა 2100 წლამდე კაცობრიობის ჯანმრთელობის მთავარი საფრთხეები დაასახელეს
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 17 გლობალური საფრთხე გამოავლინა, რომლებმაც შესაძლოა 2100 წლამდე კაცობრიობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იქონიოს გავლენა. კვლევის შედეგები ჟურნალმა Lancet გამოაქვეყნა.
მკვლევრებმა პოტენციური საფრთხეების ფართო სპექტრი განიხილეს - ქრონიკული დაავადებებიდან და სოციალური უთანასწორობიდან დაწყებული, ბირთვული ომითა და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებით დამთავრებული. მიღებული მონაცემების საფუძველზე მათ დაადგინეს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის რა ზიანის თავიდან აცილებაა შესაძლებელი 2025-2100 წლებში.
მეცნიერები ადარებდნენ არა მხოლოდ სიკვდილის რისკს, არამედ სიცოცხლის წლებსაც, რომლებიც შესაძლოა ადამიანებმა ამ საფრთხეების გამო დაკარგონ. ყველაზე საშიში სიმსუქნე აღმოჩნდა - მასთან და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან ბრძოლამ შესაძლოა კაცობრიობას 23,1 მილიარდი წელი ჯანსაღი სიცოცხლე შეუნარჩუნოს. თავიდან აცილებული ზიანის მასშტაბით ეს COVID-19-ის 46 პანდემიის შედეგებს უტოლდება.
მას მოჰყვება განათლების დაბალი დონე (16,1 მილიარდი წელი), შემოსავლების უთანასწორობა (13,8 მილიარდი), ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება (10,4 მილიარდი) და ბირთვული ომი (9,35 მილიარდი). საერთო ჯამში, 2025-დან 2100 წლამდე პერიოდში დაავადებები და ტრავმები მთელ მსოფლიოში 246 მილიარდი წელი ჯანსაღი სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს.
მეცნიერები გამოდიან წინადადებით, შეიქმნას და დაფინანსდეს ჯანდაცვის ისეთი სისტემები, რომლებიც მზად იქნებიან ყველაზე მრავალფეროვანი საფრთხეებისთვის; გაიზარდოს ინვესტიციები მედიცინასა და ტექნოლოგიებში გარღვევის მომტან დამუშავებებზე, ასევე ორგანიზება გაეწიოს გლობალური რისკების მუდმივ მონიტორინგს.