პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთიდან, სოციალური ქსელების მეშვეობით, სამშენებლო კომპანიის რეკლამირებას და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას ახორციელებდა. დაინტერესებულ პირებს დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ამისამართებდა, რომლებიც კომპანიების სახელით დაზარალებულებთან ფიქტიურ ნარდობის ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. შემდგომში კი სამშენებლო მოედანზე მოჩვენებით სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ, ფორმალურად უწევდნენ ორგანიზებას, აკონტროლებდნენ მშენებლობის პროცესს, რითაც დაზარალებულებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების ილუზიას ქმნიდნენ.

ასევე, ბრალდებულები სამშენებლო მასალების მოსალოდნელი გაძვირებისა და სამუშაოების დაჩქარებით შესრულების საბაბით დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ.

აღნიშნული დანაშაულებრივი გზით ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ 428 250 აშშ დოლარს, 10 100 ლარს და 400 000 სომხურ დრამს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად ჯგუფის წევრები საქართველოში დაფუძნებულ რამდენიმე კომპანიას და მათთან დაკავშირებულ სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდნენ.

სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული სხვა თაღლითობის ფაქტზე 2026 წლის 17 ივნისს დააკავეს და იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე პატიმრობაში იმყოფება. მეორე ბრალდებული 30 ივნისს დააკავეს, ხოლო მესამეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.