მეხუთე ჩემპიონატი ჭადრაკში მართლმადიდებელი ეკლესიის გამარჯვებით დასრულდა
მეხუთე ჩემპიონატი ჭადრაკში მართლმადიდებელი ეკლესიის გამარჯვებით დასრულდა- ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
დღეს, საჭადრაკო კლუბში „მერანი", დასრულდა საქართველოს მეხუთე გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გუნდები.
ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის გუნდი, მესამე ადგილი კი დაიკავა საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის გუნდმა.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, თასები და სამახსოვრო საჩუქრები.