ფაშინიანი: არასდროს ვისწრაფოდით, არც ახლა ვისწრაფვით და არასდროს განვიზრახავთ რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისის შექმნას. უყურადღებოდ არ ვტოვებთ ჩვენი არცერთი საერთაშორისო პარტნიორის ინტერესებს. იმავდროულად, არ შეიძლება რომელიმე პარტნიორის ინტერესები ჩვენსაზე წინ დავაყენოთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არასოდეს მიატოვებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, თუმცა იმავდროულად შეინარჩუნებს დაბალანსებულ პოლიტიკას, მოსკოვთან დიალოგს და არასოდეს შექმნის კრიზისს რუსეთთან ურთიერთობაში.
მისი განცხადებით, 2013 წელს, როცა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი იყო, ერევანმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა და რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა.
„გამოვრიცხავ 2013 წელს მომხდარი სიტუაციის განმეორებას, როდესაც ერთ ღამეში მიატოვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების უკვე გაფორმებული პროცესი. ეს ახლა შეუძლებელია, მითუმეტეს როცა სომეხმა ხალხმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი ჩვენი რესპუბლიკის დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას. ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არასდროს ვისწრაფოდით და არც ახლა ვისწრაფვით და არასდროს განვიზრახავთ რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისის შექმნას. უყურადღებოდ არ ვტოვებთ ჩვენი არცერთი საერთაშორისო პარტნიორის ინტერესებს. იმავდროულად, არ შეიძლება რომელიმე პარტნიორის ინტერესები ჩვენსაზე წინ დავაყენოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.