პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
„აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში.
პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისიდან განათლების მართვის სისტემის პორტალზე - registration.emis.ge - მიმდინარეობს.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, სავალდებულოა, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა რეგისტრაციისას შერჩეულ საჯარო სკოლაში წარადგინოს განცხადება, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
დადგენილ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები და რეგისტრაციის პროცესი დღეს, 24:00 საათამდე დაასრულონ.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და რეგისტრაციის პორტალზე.
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზზე - (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@emis.ge", - ნათქვამია ინფორმაციაში.