შარმანაშვილი: ის რომ ლევან ხაბეიშვილი "ბაბლის"გამო გადააყენეს, ეს სამარცხვინო საქციელია. შეუძლიათ, საკუთარი მეგობარი და თანაგუნდელი გასწირონ. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, თინა ბოკუჩავას განცხადება ნათლად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის მიმართ.
"როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა. ამ ადამიანებისგან დასაჯერებელი არაფერია.
რაც შეეხება იმას, რომ ლევან ხაბეიშვილი "ბაბლის"გამო გადააყენეს, ეს სამარცხვინო საქციელია. შეუძლიათ, საკუთარი მეგობარი და თანაგუნდელი გასწირონ. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ და ჩვენს ინტერესებს ისე გასწირავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.
ეს განცხადება ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე და როგორ "უფრთხილდებიან" ისინი ერთმანეთს, თუ საქართველოს ინტერესებს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, თინა ბოკუჩავამ აღიარა, რომ ლევან ხაბეიშვილის ჩანაცვლების მიზეზი არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ იყო ის, რომ ხაბეიშვილის პერსონალური ფაქტორი სხვებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.