გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრმა საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. მინისტრთან ერთად ცენტრში იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.
ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 1700-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყველა ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გაგრილების სისტემებით, ხოლო მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.