Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც, მათ შორის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის კომუნიკაციას ასახავს.

გამოცემის ცნობით, მასალებში ჩანს, როგორ სთხოვდნენ USAID-ის თანამშრომლები სოციალურ ქსელებს გარკვეული პოსტების წაშლას და განიხილავდნენ მაღალი რისკის შემცველი მედიასაშუალებების დაფინანსების შეწყვეტის, მათი კონტენტის ხილვადობის შემცირებისა და პლატფორმებზე დაბლოკვის შესაძლებლობას.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წინა ადმინისტრაციებმა USAID საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენეს, რაც, მათი შეფასებით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა ამერიკულ ღირებულებებს.

გამოქვეყნებული მასალები 1,1 გიგაბაიტს შეადგენს და მოიცავს ელექტრონულ წერილებს, შეხვედრების დღის წესრიგებსა და პროექტების სამუშაო ვერსიებს. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ინიციატივები განხორციელდა რეალურად და რა ინფორმაციას შეიცავს ის დოკუმენტები, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

დოკუმენტებს შორის არის Facebook-ის თანამშრომლებთან მიმოწერა, რომელიც ლიბიასა და სუდანში USAID-ის პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული მუქარის შემცველი პოსტების წაშლას ეხება. ასევე გამოქვეყნებულია Facebook-თან თანამშრომლობის პროექტი, რომელიც ადგილობრივი პარტნიორებისთვის პლატფორმაზე წვდომის გაუმჯობესებასა და შეშფოთების გამომწვევი ქვეყნების ყოველწლიურად განახლებადი სიის გაზიარებას ითვალისწინებდა.

კიდევ ერთი დოკუმენტი არის დეზინფორმაციის გლობალური ინდექსის (GDI) მიერ USAID-თვის მომზადებული კონცეფცია. მასში შეთავაზებული იყო სამ პრიორიტეტულ ქვეყანაში „მაღალი რისკის მედიის“ გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ზომების მიღება, მათ შორის დაფინანსების შეწყვეტა, კონტენტის ხილვადობის შემცირება და პლატფორმებიდან წაშლა.

მასალებში ასევე შედის 2021 წლის თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც USAID-სა და მის პარტნიორებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ათსაფეხურიან სახელმძღვანელოს სთავაზობდა. გარდა ამისა, გამოქვეყნებულია YouTube-ის მაშინდელი ხელმძღვანელის, სიუზან ვოიჩიცკის 2022 წლის აპრილის წერილი, რომლითაც ის USAID-ის იმდროინდელ ხელმძღვანელ სამანტა პაუერთან შეხვედრას ითხოვდა. შეხვედრაზე გლობალურ დონეზე მცდარი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხილულიყო.

ერთ-ერთი მიმოწერის თანახმად, 2022 წლის 2 ივლისს USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამების უფროსმა მენეჯერმა ზაბე შაფიმ Facebook-ის თანამშრომლებს ლიბიაში პარტნიორი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების წაშლა და შესაბამისი გვერდის გაუქმება სთხოვა.

შაფის თქმით, ორგანიზაცია მუქარებს იღებდა Facebook-ის გვერდიდან, სადაც მის ოფისთან შეკრებისკენ მოუწოდებდნენ და გზების გადაკეტვისა და ცეცხლმოკიდებული საბურავების ფოტოებს აქვეყნებდნენ. მისი განმარტებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტი გახდა და თანამშრომლების უსაფრთხოება საფრთხეში იყო.