აშშ-მა ესტონეთიდან სამხედროების უმეტესობა გაიყვანა – „ჩვენ შეგვიძლია, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ ან ცალ ფეხზე ვიხტუნაოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თეთრი სახლი იღებს“

აშშ-მა ესტონეთიდან სამხედროების უმეტესობა გაიყვანა – „ჩვენ შეგვიძლია, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ ან ცალ ფეხზე ვიხტუნაოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თეთრი სახლი იღებს“

აშშ-მა ესტონეთში განლაგებული სამხედროების უმეტესობა ქვეყნიდან გაიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

როგორც მედია იუწყება, ეს ნაბიჯი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის ფონზე გადაიდგა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის განცხადებით, ზაფხულში ქვეყანაში ახალი ამერიკული კონტინგენტის ჩასვლაა დაგეგმილი, რომელიც წლის ბოლომდე დარჩება, თუმცა, მისი თქმით, დეტალები ჯერ უცნობია და საბოლოო გადაწყვეტილება პენტაგონის მიერ გადახედვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამერიკელი სამხედროები ესტონეთში, მათ შორის ქალაქ ტაპას სამხედრო ბაზაზე როტაციის პრინციპით იყვნენ განთავსებული. მათი რაოდენობა 500-700-ს შეადგენდა, თუმცა ამჟამად ქვეყანაში 100-ზე ნაკლები ამერიკელი სამხედრო დარჩა.

ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კალევ სტოიჩესკუს განცხადებით, აშშ-მა ესტონეთი და აღმოსავლეთ ფლანგის სხვა ქვეყნები გაურკვევლობაში დატოვა, მიუხედავად იმისა, რამდენ თანხას ხარჯავენ ისინი თავდაცვაზე.

„ჩვენ შეგვიძლია, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ ან თუნდაც ცალ ფეხზე ვიხტუნაოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თეთრი სახლი და აშშ-ის ადმინისტრაცია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს“, – განაცხადა სტოიჩესკუმ.

მისივე თქმით, ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალები სადმე თუ უნდა დარჩეს, ეს სწორედ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უნდა მოხდეს.