იტალიის მთავრობა – ჩვენ ვმეგობრობთ აშშ-თან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ვაგრძელებთ პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ბევრად სცილდება ინდივიდუალურ განცხადებებს
იტალიის მთავრობა დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომმა ვაშინგტონთან სტაბილური ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ და თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ ტელეარხ SkyTG24-სთან ისაუბრეს.
ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ იტალია არ აპირებს ოფიციალურ რეაგირებას ტრამპის ბოლო განცხადებებზე და ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენ ვმეგობრობთ აშშ-თან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ჩვენი ურთიერთობა ფუნდამენტურია: სავაჭრო, პოლიტიკური და სტრატეგიული. ჩვენ ვიყავით ობამას, კლინტონის, ბუშის, რეიგანისა და ბაიდენის მოკავშირეები, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ბევრად სცილდება ინდივიდუალურ განცხადებებს“, – განაცხადა ტაიანიმ.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომაც. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა მუდმივია, ხოლო ლიდერები იცვლებიან.
„მთავარია ისტორიულ მოკავშირესთან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ურთიერთობების შენარჩუნება. ურთიერთობები არსებობს სახელმწიფოებს შორის, ადამიანები კი მოდიან და მიდიან, მაგრამ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური კავშირების შენარჩუნება ნატო-სა და დასავლეთის ფარგლებში. იტალია ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებებს: ჩვენ ვაშენებთ თავდაცვის სისტემას ნატო-ს შეთანხმებების შესაბამისად“, – განაცხადა კროზეტომ.
ცნობისთვის, ანკარაში ნატო-ს სამიტის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ჯორჯია მელონისთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით – „შემაკავებელი ორდერია საჭირო“. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა. ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე. არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა“. ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და აღნიშნა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“.