ჩინეთის ელჩი – მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში

ჩინეთის ელჩი – მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში

ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ელჩის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია 2023 წელი, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა.

„გვჯერა, რომ მომავალშიც ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. მაღალი დონის პოლიტიკური ნდობის გარდა, საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის, განათლების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა:

„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და პატივს ვცემთ ქვეყნის არჩევანს. იმედი გვაქვს, მომავალში ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოში მიმდინარე პროექტებში და საკუთარი წვლილი შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.