გრიგოლ გეგელია – ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს

გრიგოლ გეგელია – ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს

ათ წელზე მეტია, საქართველოს ხელისუფლება ანაკლიასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მუდმივად ახალ დაპირებებს აძლევს, იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, ეკონომიკის მინისტრები, იცვლება მოდელები, ვადები და განცხადებები, მაგრამ შედეგი ერთია, ანაკლია დღემდე არ არსებობს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა იქცეს საერთო კავკასიური მშვიდობის პროექტად და გახდეს კავკასიის მთავარი ეკონომიკური კარიბჭე.

„სინამდვილეში, დღეს ხელისუფლებას მორიგი დაპირებების გაკეთება კი არა, სრულიად ახალი სტრატეგიული ხედვის წარმოდგენა მართებს, რომელიც უპასუხებს ეროვნულ გამოწვევებს და რეგიონის დინამიკას. „ლელო – ძლიერი საქართველო“ ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ ანაკლია გახდეს იმ ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფნის მთავარი შავი ზღვის კარიბჭე, რომელსაც არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი უკვე „ტრამპის გზად“ მოიხსენიებს. ეს ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას დასავლეთის სტრატეგიულ ეკონომიკურ რუკაზე და ამერიკისა და ევროპის გაცილებით აქტიურ მონაწილეობას რეგიონში.

დღეს წარმოგიდგენთ ამ ხედვის გაგრძელებას, რომელიც პასუხობს რეგიონში ჩამოყალიბებულ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას. „ლელო – ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ჩვენი წინადადებაა, სამი ქვეყნის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი „კავკასიური კონსორციუმი“, ხოლო პორტის მართვა გადაეცეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს. ამავდროულად, ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ღია უნდა იყოს ამერიკული, ევროპული და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორისთვის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და მზად არის მონაწილეობა მიიღოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში. ეს არის ჩვენი კავკასიური ტრიოს იდეა — თანამშრომლობის ახალი მოდელი, რომელიც რეგიონს გააერთიანებს საერთო ეკონომიკური და კეთილდღეობის ინტერესების გარშემო“, – განაცხადა გეგელიამ.

როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც კავკასიის მომავალი დაიწყება.

„ჩვენ ხედვას ვუწოდებთ „მშვიდობის ეკონომიკას“ და ღრმად გვწამს, რომ კავკასიის მომავალი უნდა აშენდეს სამი სახელმწიფოს საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე. ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე ძლიერი მშვიდობა იქ იქმნება, სადაც ქვეყნები ერთად ვაჭრობენ, ერთად აშენებენ ინფრასტრუქტურას, იზიდავენ ინვესტიციებს და ერთად ქმნიან კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ, ანაკლია მხოლოდ პორტი არ არის. ანაკლია არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა იქცეს საერთო კავკასიური მშვიდობის პროექტად და გახდეს კავკასიის მთავარი ეკონომიკური კარიბჭე მსოფლიოსთვის, მომავლის შესაძლებლობების გარშემო. გვჯერა, რომ ეს არის ძლიერი საქართველოს წამყვან რეგიონალურ ძალად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი გზა.

„ქართულ ოცნებას“ ათი წელი ჰქონდა, რომ ანაკლია მხოლოდ ტყუილი დაპირებების ისტორიად არ ექცია. დღეს ქვეყანას სჭირდება არა მორიგი დაპირებები და ეკონომიკური მოდელების შეცვლა, არამედ დიდი ეროვნული სტრატეგია. დღეს ამ იდეას ვთავაზობთ არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებას, არამედ ჩვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ინვესტორებს. ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდება კავკასიის თანამშრომლობა და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესი. ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც კავკასიის მომავალი იწყება. ეს არის მშვიდობის ეკონომიკა. ეს არის საქართველოს ახალი ისტორიული შესაძლებლობა“, – განაცხადა გეგელიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან.