შალვა პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, მნიშვნელოვანია ახლა მკაცრი რეაქცია, რომ ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს ეკლესიაზე თავდასხმა

შალვა პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, მნიშვნელოვანია ახლა მკაცრი რეაქცია, რომ ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს ეკლესიაზე თავდასხმა

გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სერბეთში განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა.

„მე თავის დროზეც ვთქვი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქვე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ, მათ შორის ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის. ამიტომაც მნიშვნელოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცედენტის სახე და ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა 2019 წელს ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რაზეც აღნიშნა:

„პანელის შემდეგ, ბრიუსელში 2019 წლის შემოდგომაზე ვიყავით. ეს იყო ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვიყავით. შევხვდით „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს, ვიყავით ევროპარლამენტში. გვქონდა ბევრი სასაუბრო დრო ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან, მათაც ვუხსნიდით იმავეს – ქართველი ხალხი ძალიან მოწადინებულია, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს წნეხის ქვეშ, თავისუფლებით ისარგებლოს და ევროკავშირში იყოს, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, უბრალოდ, იცოდეთ, რომ დღის წესრიგიდან თუ არ მოხსნით და არ შეამსუბუქებთ ადამიანის უფლებების საფარქვეშ ლგბტ დღის წესრიგს, თქვენ მიიღებთ ანტიევროპულ განწყობებს. ჩვენ ეკლესია ვართ, ჩვენთან ხალხის განწყობები იკრიბება. ძალიან მეგობრული რჩევა იყო ეს, რომ თუ გაინტერესებთ, რა არის გამოსავალი, გამოსავალი არის ეს, საქართველოს თავს არ უნდა მოახვიოთ ეს დღის წესრიგი. სამი დღე ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას პასუხი იყო, რომ წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით ამ ლგბტ დღის წესრიგსო. ეს რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებია“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.