Reuters: ტრამპმა, შესაძლოა, თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვას მხარი დაუჭიროს

Reuters: ტრამპმა, შესაძლოა, თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვას მხარი დაუჭიროს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავარაუდოდ მხარს დაუჭერს თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვას. ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ანკარაში ვიზიტის დროს მიიღოს, სადაც ის ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩადის. თუმცა, შეთანხმების განხორციელებისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე სამართლებრივი და კონგრესთან დაკავშირებული დაბრკოლების დაძლევა არის საჭირო.

როგორც სააგენტო წერს, ეს ნაბიჯი ტრამპის მხრიდან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ჟესტი იქნება. ტრამპი ერდოღანს ხშირად აქებს და მას ახლო მოკავშირედ მიიჩნევს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ტრამპი გასულ წელს ხელისუფლებაში დაბრუნდა.

მიუხედავად თბილი ურთიერთობებისა, ვაშინგტონსა და ანკარას შორის მთავარ პრობლემად კვლავ რჩება თურქეთის მიერ 2019 წელს რუსული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-მა 2020 წელს სანქციები დაუწესა თურქეთის ერთ-ერთ მსხვილ სამხედრო კომპანიას და თურქეთი F-35-ის პროგრამიდან გარიცხა, რომელშიც ანკარა ასევე საწარმოო პარტნიორის როლს ასრულებდა.

აშშ-ის კონგრესმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც თურქეთისთვის F-35-ის მიყიდვას კრძალავს მანამ, სანამ ანკარა რუსულ S-400 სისტემას ფლობს. ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, რუსული სისტემა საფრთხეს უქმნის აშშ-ში წარმოებულ სამხედრო თვითმფრინავებს.

ამჟამად მოქმედი ამერიკული კანონმდებლობით, თურქეთს არ შეუძლია ჰქონდეს ან გამოიყენოს S-400 სისტემა, თუ მას F-35-ის პროგრამაში დაბრუნება სურს, წერს სააგენტო.

წყაროების თქმით, ბოლო კვირებში ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად განიხილება რუსული სისტემის მესამე ქვეყანაში გადატანა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. უცნობია, დათანხმდება თუ არა მოსკოვი ასეთ ნაბიჯს, რადგან იარაღის გაყიდვისას რუსეთი საბოლოო მომხმარებლის შესახებ ვალდებულებებს აწესებს.