პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა
2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 26 109 აპლიკანტმა გაიარა. მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 590 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იყო გამოცხადებული, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
უწყების ცნობით, აპლიკანტთა განაცხადების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა Front-end დეველოპმენტია, რომელზეც 2 135 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
„მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა ასევე ბუღალტრული აღრიცხვა და ციფრული მარკეტინგი, რომლებზეც განაცხადების რაოდენობა ჯამში 3 700-ს აჭარბებს. ასევე მაღალი მოთხოვნაა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე, საექთნო განათლებაზე, საფინანსო სერვისებზე, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებსა და კულინარიაზე.
2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილი იყო განსაზღვრული. შეთავაზებულ პროგრამებს შორის 40 ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლებშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლის შედეგებია გათვალისწინებული.
აპლიკანტებს, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად, 8 ნოემბრის ჩათვლით შეარჩევენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.