პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შესახებ მოწოდებებს ავრცელებდა
პოლონეთის პოლიციამ ქალაქ ობორნიკიში დააკავა მამაკაცი, რომელიც ინტერნეტით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მკვლელობის შესახებ მოწოდებებს ავრცელებდა. ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის პრესმდივანი ადამ შლაპკა სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„გუშინ პოლიციამ ობორნიკიში 46 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ინტერნეტში საჯაროდ პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და სეიმის მარშალის მკვლელობისკენ მოწოდებაში ედება ბრალი“, - დაწერა შლაპკამ.
ცნობისთვის, გუშინ პოლონეთის პოლიციამ განაცხადა რომ მიიღო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმას ეხება.