მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ იმპულსს აძლევს სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის ფარგლებში ჩინეთის ელჩმა მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში დაგეგმილ მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე მიიწვია. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მიწვევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ჩინეთის ელჩს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა მის როლს ორმხრივი კავშირების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობისთვის.