ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით

ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართ კვლავ უკმაყოფილება გამოხატა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მიმართ „ძალიან იმედგაცრუებულია“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სამიტზე დასწრების გადაწყვეტილება დიდწილად მხოლოდ თურქეთის ლიდერის მიმართ პატივისცემით იყო განპირობებული: „ეს რომ არ ყოფილიყო თურქეთში, სადაც ჩემი მეგობარი, ძალიან ძლიერი ლიდერი და პიროვნება იმყოფება, შესაძლოა, არც დავსწრებოდი“.

ტრამპის კრიტიკის მთავარი მიზეზი ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის მიმართ მოკავშირეების პასიური პოზიცია გახდა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკამ ნატოში ტრილიონობით დოლარი დახარჯა ევროპული ქვეყნების დასაცავად, თუმცა საპასუხოდ მათგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.

„მე ვამოწმებდი მათ, ვუყურებდი, იქნებოდნენ თუ არა ჩვენს გვერდით. იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა უარი გვითხრეს. ეს არაფერი, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გადაწყვეტილება, რომელმაც აშშ-ს ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი“ დარტყმებისთვის ბრიტანული ავიაბაზების გამოყენების ნებართვა დაგვიანებით მისცა. ტრამპმა ამ ნაბიჯს „ძალიან არაპოპულარული“ უწოდა.