საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო
საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო.
ინიციატივის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით იმართება მინი ფეხბურთის ტურნირი — „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ და ჭადრაკის ტურნირი — „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“.
ტურნირები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სპორტული ღონისძიებების დასრულების შემდეგ გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. მინი ფეხბურთის ტურნირზე ასევე დაწესებულია სამი ინდივიდუალური ჯილდო: საუკეთესო მოთამაშის, საუკეთესო მეკარისა და ტურნირის ბომბარდირის.
თანამშრომლებისთვის სპორტული ღონისძიებების ორგანიზების მიზანია საქართველოს პარლამენტის აპარატში შიდა ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება, თანამშრომლებს შორის გუნდურობის პრინციპის განმტკიცება, სამუშაო მოტივაციის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
საქართველოს პარლამენტის აპარატი თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც გააგრძელებს.