აშშ-ში ტრამპის მკვლელობის მომზადებისთვის ირანის აგენტს 27 წელზე მეტი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში ტრამპის მკვლელობის მომზადებისთვის ირანის აგენტს 27 წელზე მეტი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქე ასიფ მერჩანტს, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დავალებით ამერიკელი მაღალჩინოსნების მკვლელობის ორგანიზებას ცდილობდა, 27 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

48 წლის მერჩანტს ნიუ-იორკის ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ 330 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2026 წლის მარტში დამნაშავედ ცნო საერთაშორისო ტერორისტული აქტის მომზადებასა და შეკვეთით მკვლელობის ორგანიზების მცდელობაში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მერჩანტი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მომზადებული აგენტი იყო. მისი მიზანი აშშ-ის ტერიტორიაზე პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზება იყო. თავად მერჩანტმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მკვლელობის შეთქმულების მთავარი სამიზნე დონალდ ტრამპი უნდა ყოფილიყო, თუმცა შესაძლო სამიზნეებად მაშინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილისაც განიხილავდნენ.

გამოძიების თანახმად, მერჩანტი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაახლოებით 2022 წელს გადაიბირა. 2023 წლიდან ის თეირანში თავის კურატორს იუსეფ მერჰარდადს, დაახლოებით 15-ჯერ შეხვდა. ამ შეხვედრების დროს მას კონტრდაზვერვის მეთოდებს ასწავლიდნენ და აშშ-ში პოლიტიკური მკვლელობის ორგანიზება დაავალეს.

2024 წლის აპრილში ირანში ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ, მერჩანტი აშშ-ში ჩავიდა. მან ნაცნობს მკვლელობის გეგმის განხორციელებაში დახმარება სთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) შეატყობინა და გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო.

მერჩანტი მოგვიანებით სამჯერ შეხვდა პირებს, რომლებიც მისი აზრით დაქირავებული მკვლელები იყვნენ, თუმცა სინამდვილეში FBI-ის ფარული აგენტები იყვნენ. მან მათ მკვლელობისთვის 5 000 დოლარი წინასწარ გადაუხადა. მერჩანტი 2026 წლის 12 ივლისს ტეხასის შტატის ქალაქ რიჩმონდში დააკავეს, როდესაც ის აშშ-ის დატოვებას აპირებდა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, შეთქმულების მოტივი ირანის სურვილი იყო, შური ეძია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაურის ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის. სოლეიმანი 2020 წლის იანვარში ერაყში აშშ-ის დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ მერჩანტი ამერიკაში ტრამპის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის ჩავიდა და იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნების მიერ ამერიკელი ლიდერების წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ შეთქმულებებს არ შეეგუება.